ოჯახის გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია „მიღწევები და გამოწვევები“

29.10.2018

ოჯახის გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია „მიღწევები და გამოწვევები“
29 ოქტომბერს, „SOS ბავშვთა სოფელი საქართველოს“ ოჯახის გაძლიერების პროექტის პრეზენტაცია „მიღწევები და გამოწვევები“ გაიმართა.
ასოციაციის ეროვნულმა დირექტორმა - ზვიად ბერძენიშვილმა ისაუბრა ორგანიზაციის დაარსების პერიოდზე, გააცნო დამსწრეებს თუ როგორ დაიწყო ბავშვთა სოფლის თბილისის პროგრამის მშვენებლობა 1989 წლიდან. თავის მხრივ თბილისის ბავშვთა სოფლის პროგრამის დირექტორმა - მარინა შაღაშვილმა მოკლედ მიმოიხილა ალტერნატიული ზრუვის პროგრამისა და ოჯახის გაძლიერების პროგრამის საქმიანობა.
ოჯახის გაძლიერების პროექტის  კოორდინატორმა თამარ დვალიძემ დამსწრეებს   დეტალურად გააცნო პროექტის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია. ოჯახის გაძლიერების პროექტი დაარსდა 2007 წელს და თავდაპირველად ინტერვენციას ახორციელებდა ვაკე-საბურთალოს რაიონში - დევნილებთან და სოციალურად დაუცველ მოსახლეობასთან. 2009 წელს პროექტს ახალი მომსახურებები დაემატა:  ფსიქოლოგი, დასაქმების ხელშეწყობა და სამედიცინო მომსახურება.  2010 წელს ჩატარდა გარე კვლევა, რომლის საფუძველზეც  თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის სამუშაო ლოკაცია ისანი-სამგორის ტერიტორიაზე გადავიდა, რადგან ამ რაიონში უფრო მეტი საჭიროება გამოვლინდა. 2013 წლიდან მომსახურებებს დაემატა დედათა და ბავშვთა თავშესაფარი.
პროექტის  კოორდინატორმა თამარ დვალიძემ ასევე ისაუბრა  პროექტის ძირითად მომსახურებებზე, როგორიცაა: სოციალური სამუშაო,    ფსიქოლოგიური მომსახურება, პროფესიული გადამზადება და დასაქმებაში ხელშეწყობა, უფასო საგანმანათლებლო კლასები ბავშვებისთვის, თერაპიული და შემეცნებითი აქტივობები ბავშვებთან.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ ისნის რაიონის გამგეობის სოციალური პროექტების განყოფილების უფროსი  - თამარ ფრუიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი  -  ეთერ ცხაკაია, ისანი-სამგორის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი  - მეგი როსტიაშვილი, #19 პოლიკლინიკის წარმომადგენლები გვანცა ბერუაშვილი და გიორგი ნუცუბიძე.
     ეთერ ცხაკაიას განცხადებით, SOS ბავშვთა სოფელი საქართველო წლების მანძილზე საიმედო პარტნიორია სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, „საქმის მცოდნე, პროფესიონალი გუნდი, რომელთანაც ყოველთვის სასიამოვნოა და შედეგიანია მუშაობა“.
      თავის მხრივ ისნის რაიონის გამგობის წარმომადგნელმა ქალბატონმა თამარ ფრუიძემ გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება ორგანიზაციის მიმართ, აღნიშნა რომ ისნის რაიონის მიზნობრივი ჯგუფი ნამდვილად საჭიროებს სწორედ იმ სერვისებს, რომლებსაც აწვდის ასოციაცია ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში მათ და ასევე ხაზგასმით აღნიშნა მდგრადი დახმარებისა და შედეგზე ორიენტირებული მხარდაჭერის მნიშვნელობა.  აღნიშნა, რომ მზად არის კვლავაც გაგრძელდეს ნებისმიერი სახის თანამშრომლობა გამგეობასა და ორგანიზაციას შორის.
საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმოამდგენელმა მეგი როსტიაშვილმა ასევე დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ასოციაციის მიმართ, აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში მისთვის ცნობილი იყო ასოციაციის საქმიანობის შესახებ, თუმცა დეტალურად გაცნობის შემდეგ დადებითი განწყობა გაორმაგდა, აღნიშნა, რომ მზადაა ნებისმიერი სახის დახმარება და მზარდაჭერა გაუწიოს პროექტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.