პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“ გახსნის ღონისძიება

30.05.2018

პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“ გახსნის ღონისძიება
 
 
ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური და ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის. შესაბამისად, ბავშვების სპორტულ აქტივობებში ჩართვა ხელს უწყობს მათი თვითშეფასების ამაღლებას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, შფოთვის დაძლევას, თვითგამოხატვასა და სხვა სოციალური უნარების განვითარებას.
ავსტრიის სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ ინგირის N2 საჯარო სკოლის მიმდებარედ არსებულ დევნილთა ჩასახლებაში განხორციელდა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“. პროექტი მიზნად ისახავდა სპორტული ინფრასტრუქტურის (სპორტული და სათამაშო მოედნები) განვითარებასა და ინგირის N2 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობას.
პროექტის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნა გაწეული ავსტრიის SOS ბავშვთა სოფლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლების მიერ.  
2018 წლის 30 მაისს, ორგანიზებულ იქნა პროექტის გახსნის ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, როგორც პროექტის მხარდამჭერი, ისე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. პროექტის პარტნიორებმა ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობაზე.
პროექტის ფარგლებში, ინგირის N2 საჯარო სკოლას გადაეცა სპორტული ინვენტარი, რათა სკოლის მოსწავლეებმა სპორტული აქტივობების დროს შეძლონ მათი აქტიური გამოყენება. გარდა ამისა, ჩატარდა როგორც ბავშვთა მინი ტურნირი ფერხბურთში, ისე „მხიარული სტარტები“ და საქართველოს SOS ბავშვთა სოფელმა უზრუნველყო თითოეული გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება.