მე ცოტნე ვარ ...

28.11.2019

მე ცოტნე ვარ ...

და გიამბობთ ჩემს ამბავს, ჩემი წარმატებისა და განვითარების ისტორიას. ვსწავლობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, თელაველი ახლგაზრდები განებივრეულები არ ვართ ახალგაზრდული სივრცეებით, სადაც შევძლებდით ერთმანეთის გაცნობასა და ახალი იდეების გაზიარება-განხორციელებას. მეც, ჩვეულებრივ, ერთ-ერთი მათგანი ვარ. სულ რაღაც 1 წლის წინ ჩემთვის რომ გეკითხათ, რას მოელი განსაკუთრებულს შენი ახალგაზრდობის წლებისგანო, გიპასუხებდით-განსაკუთრებულს არაფერს.

დიახ, ჯერ კიდევ 1 წლის წინ ჩემი ცხოვრება ძალიან პასიური იყო. დილით უნივერსიტეტში მივდიოდი, შემდეგ სახლში ვბრუნდებოდი და ასე ხდებოდა თითქმის ყოველდღე. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ მაკლდა რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობა,იმისთვის, რომ მე , როგორც ახალგაზრდას მქონოდა საინტერესო, აქტიური და ნაყოფიერი ცხოვრება. იმისთვის, რომ, მე, როგორც ახალგაზრდას რამე შემეცვალა ჩემს რეალობაში, თემში, ჩემს სამეგობროში.
ერთ დღეს უნივერსიტეტში მეგობართან საუბრის დროს შევიტყვე პროექტის შესახებ, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდების გაძლიერებას მათი უკეთესი მომავლისათვის. თავში მაშინვე ერთმა აზრმა გამიელვა:“ ხომ არ იყო ეს ის შესაძლებლობა, რასაც ასე ველოდი, ხომ არ მეძლეოდა შანსი გამეფერადებინა ჩემი ყოველდღიურობა და უფრო საინტერესო გამეხადა ჩემი და ჩემი მეგობრების ცხოვრება. მაგრამ ჩემი აღფრთოვანება მალევე სკეპტიკურმა განწყობამ ჩაახშო,რადგან არაერთხელ მქონია, მსგავსი იმედგაცრუების გამოცდილება სხვადასხვა მიზეზების გამო. სიმართლე გითხრათ საწყის ეტაპზე ამ პროექტის მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. მიუხედავად ამისა, მე მაინც მივედი და დავჯექი კლუბის სამუშაო ოთახში, ჩემთვის კუთხეში, ყველასთან კონტაქტის გარეშე, თვალებზე სათვალითა და თავზე ქუდით ვაკვირდებოდი სიტუაციას.