მჯერა, რომ ცოდნა მიღებული ახალგაზრდები მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლიან!

30.11.-0001

  მჯერა, რომ ცოდნა მიღებული ახალგაზრდები მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლიან!

მე ვარ ლადო და მინდა გიამბოთ იმ მნიშვნელოვან და სასიამოვნო ნაბიჯებზე, რომლის მეშვეობითაც გავხდი ახალგაზრდული კლუბის ლიდერი.

დავიწყებ იქედან, რომ პროფესიით ბუღალტერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურ საგნებს საკმაოდ კარგად ვსწავლობდი, პროფესია – ბუღალტერი არასდროს მიზიდავდა, შესაბამისად რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პროფესიის არჩევის დროს სრულად დამოუკიდებელი არ ვიყავი დღესაც ვმუშაობ ჩემი პროფესიით.
ყველაფერი დაიწყო იქედან, რომ ვნახე ვაკანსია დასაქმების ვებ გვერდზე, რომელიც ეხებოდა ახალგაზრდებთან მუშაობას, მათი გაძლიერებას წარმატებისთვის. გადავწყვიტე გამეგზავნა ჩემი რეზიუმე, მაგრამ ფიქრი იმაზე შევძლებდი თუ არა რამე სარგებლის მოტანას ახალგაზრდებისთვის არ მასვენებდა, რადგან მსგავს პროექტში არასდროს მიმუშავია.
მოხდა ისე, რომ გასაუბრებაზე დამიბარეს და მინდა ავღნიშნო, რომ გასაუბრების ეტაპიდან დაიწყო ის თავგადასავალი, რომელიც ჩემს ქვეცნობიერში სულ იქნება, როგორც ნათელი პერიოდი. გასაუბრებამ წარმატებით და სასიამოვნოდ ჩაიარა და აი ისიც, მე დავდექი ახალი გამოწვევის წინაშე, რომელიც იმდენად სასიამოვნო და სასარგებლო აღმოჩნდა, რომ ამას პროექტის დასაწყისში ვერც წარმოვიდგენდი. მოხდა ჩვენი – ლიდერების გადამზადება გამოცდილი ტრენერების მიერ და ჩვენც მოტივირებულებმა შევუდექით მუშაობას.
მინდა ავღნიშნო, რომ ყოველი ახალი შეხვედრა იყო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი, როგორც ახალგაზრდებისთვის ასევე ჩემთვის. ვამჩნევდი იმასაც, რომ სესიიდან სესიამდე ახალგაზრდებთან ერთად ვიზრდებოდი მეც.
პროექტის ფარგლებში გვყავდა მოწვეული ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, გვქონდა გასვლითი შეხვედრები ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორთან. მათ გაგვიზიარეს გამოცდილება, წინაღობების დაძლევის მეთოდები და მოგვცეს მოტივაცია იმისა, რომ ყველაფერი გამოგვივა თუ ჩვენ ამას მოვინდომებთ. ასევე, ვიყავით ეროვნულ ფორუმზე, სადაც ახალგაზრდებმა გაიცნეს თანატოლები სხვადასხვა რეგიონებიდან, ერთმანეთთან გაცვალეს გამოცდილებები და გაუზიარეს პროექტის ფარგლებში განვლილი გზა.
არ შეიძლება მადლობა არ გადავუხადო გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომშრომლობის საზოგადოებას ფინანსური მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის მომავლის–ახალგაზრდების გაძლიერებისთვის გაწიეს. ასევე აღსანიშნავია პარტნიორების უდიდესი როლი, რომლებსაც წარმოადგენს WORLD VISION საქართველო და SOS ბავშვთა სოფელი.
სულ მალე დაიხურება პროექტი და მე, როგორც განვლილი პროცესებით კმაყოფილი და ბედნიერი ლიდერი, მჯერა, რომ ცოდნა მიღებული ახალგაზრდები მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლიან.