პრაქტიკული სახელმძღვანელოები:

19.09.2019

 პრაქტიკული სახელმძღვანელოები:
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით, მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და მათთვის საჭირო ინსტრუმენტების მიწოდებაზე. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის დაკვეთით შეიქმნა ორი პრაქტიკული სახელმძღვანელო : ოჯახის საჭიროებებზე დაფუძნებული ინტერვენცია და ანტი-ბულინგური პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ბავშვზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სპეციალისტებისათვის.

სახელმძღვანელო - “ოჯახის საჭიროებებზე დაფუძნებული ინტერვენცია” შეიქმნა ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და  ავსტრიის SOS ბავშვთა სოფლის  ფინანსური მხარდაჭერით.  კონცეფციისა და სტრუქტურიდან გამომდინარე სახელმძღვანელო მიზანმიმართულია იმაზე, რომ აღჭურვოს სპეციალისტები პროფესიული უნარ-ჩვევებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოწყვლადი ოჯახების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას. აღნიშნული პროგრამა გამოიყენება მოწყვლად ოჯახებთან მუშაობის პროცესში, რაც გულისხმობს ინდივიდუალური და ოჯახური თერაპიის სესიების ბენეფიციარებისათვის შეთავაზებას. სახელმძღვანელოში გამოყენებული მეთოდები და ტექნიკები მიმართულია მოწყვლადი ოჯახების დისფუნქციონირების ხარისხის დიაგნოსტირებაზე, ოჯახის წევრებს შორის ღია კომუნიკაციის მოდელის ფორმირებაზე და ოჯახის წევრების მიერ ოჯახის დისფუნქციონირების გაცნობიერებაზე. თითოეულ ტექნიკას და მეთოდს აქვს, როგორც დიაგნოსტირებითი, ასევე თერაპიული დატვირთვა.

რაც შეეხება ანტი-ბულინგურ პროგრამას, იგი მიმოიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბავშვებს შორის ძალადობა, ჩაგვრა, დამცირება და ა.შ. სახელმძღვანელო მოიცავს ინფორმაციას რისკ-ფაქტორების შესახებ, ასევე ბულინგის პრევენციის და სწორად რეაგირების რეკომენდაციებს. სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ პრაქტიკული სავარჯიშოები და ჯგუფური მუშაობის მეთოდები, რომელთა ცოდნაც ხელს უწყობს ბავშვებისა და თანამშრომლების ცნობიერების ამაღლებასა და ბულინგის პრევენციას. მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისათვის ოჯახური გარემოს შეთავაზებისას უმნიშვნელოვანესია ისინი დავცივათ ყოველგვარი ძალადობისგან.