საქველმოქმედო კამპანია მაიმარკეტთან ერთად
03.12.2020
ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია და ის გამორჩეულად ძვირფასია თითოეული ჩვენგანისთვის. ეს ის დროა, როდესაც ჩვენი ოცნებები ჯადოსნურ ძალას იძენს და მათი მატერიალიზებაც შესაძლებელი ხდება.
სხვების ოცნებების ასრულება ჩვენც მაგიურ ძალას გვანიჭებს. ალბათ, ბევრს გინახავთ 1946 წელს გადაღებული ფრენკ კაპრას ბრწყინვალე ნამუშევარი ეს მშვენიერი ცხოვრება. საშობაო კომედიაში ჯეიმს სტუარტის გმირს ეხმარება მეორე თანრიგის ანგელოზი კლერენსი, რომელსაც განგება, რობერტ ბეილის დახმარების სანაცვლოდ, ფრთებით აჯილდოვებს.
სწორედ ეს გახდა ერთი წლის წინ ამ საქველმოქმედო პროექტის კონცეფციის შთაგონების წყარო და MY.GE-მ გადაწყვიტა, საკუთარ მომხმარებელთან ერთად მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საოცარი ახალი წელი ეჩუქებინა.
საქველმოქმედო პლატფორმის mynewyear.ge კეთილმა ჯადოქრებმა შარშან უამრავ ბავშვს შეუსრულეს საახალწლო სურვილი და კომპანიამ უკვე დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე წელსაც გადაწყვიტა, კეთილ ჯადოქრებსა და პარტნიორ საქველმოქმედო ორგანიზაციაა "ბავშვთა სოფელი საქართველოსთან" ერთად მიელოცა ახალი წელი ბავშვებისთვის.
"სხვების დახმარება თოთოეულ ჩვენგანში განსაკუთრებულ ემოციებს აღძრავს და გვაფრთიანებს. მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება — როდესაც ეხმარები მას, ვისაც სურს. სწორედ ეს გახდა ჩვენი საქველმოქმედო კამპანიის სლოგანიც — აუსრულე მას, ვისაც სურს", — აცხადებენ კომპანიაში.
ისევე, როგორც ერთი წლის წინ, პლატფორმაზე mynewyear.ge განთავსდება ცალკეული ბენეფიციარის საახალწლო სურვილი ბავშვის სახელთან და ასაკთან ერთად. გარდა ამისა, მოცემული იქნება ასევე ოცნების ასასრულებლად საჭირო თანხა. კონკრეტული სურვილის ასრულებაში წვლილის შეტანა ან ბენეფიციარის ოცნების სრულად ახდენა თითოეულ ადამიანს შეეძლება.
"პანდემიისა და ლოქდაუნის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ერთმანეთის მიმართ გამოვიჩინოთ მზრუნველობა და შევამსუბუქოთ ის სირთულეები, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს — დიდებსა თუ პატარებს — აწუხებთ. ჩვენ ყოველ ახალ გამოწვევას შემართებით ვეგებებით, რაშიც უდიდესი წვლილი Mymarket-ის მომხმარებლებს მიუძღვით", — ამბობს MY.GE-ის ბრენდ მენეჯერი მარიამ გოგსაძე.